switch to english

CartuBank

CartuBank


„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2017 წლის 6 აპრილს გამართული ბრიფინგი, რომელშიც ამ პარტიის წარმომადგენლებმა სს „ბანკი ქართუ“ თაღლითობაში დაადანაშაულეს, წარმოადგენს ამ პოლიტიკური ორგანიზაციის მორიგ ბოდვასა და ცილისწამებას, რის გამოც, მათ მოუწევთ პასუხისგება სასამართლოს წინაშე.

შპს "ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI“-ს „ბანკ ქართუში“ აქვს საკრედიტო დავალიანება, ოღონდ არა 6 მლნ, არამედ რამოდენიმე ათეულჯერ უფრო ნაკლები. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებულია უძრავი ქონება და ავტომობილები. 2016 წელს აღნიშნულმა კომპანიამ სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაიწყო გაკოტრების პროცესი, რაც გულისხმობს ყველა კრედიტორის, მათ შორის ბანკის ჩართულობას დარჩენილი დავალიანების ამოსაღებად. ბანკს შესაბამისი სარჩელით მოთხოვნილი აქვს საკრედიტო დავალიანების დაფარვა მხოლოდ მესამე პირის საკუთრებაში არსებული, ბანკის სასარგებლოდ დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, რომლის ღირებულებაც აღემატება არსებულ დავალიანებას.

კომპანიის საკუთრებაში არსებულ, გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებთან (ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან) დაკავშირებით ბანკს მოთხოვნები არ დაუყენებია (გაკოტრების პროცესში ვერც დააყენებდა) სასამართლოში, შესაბამისად სააღსრულებო პროცედურები კომპანიის მიმართ ბანკის მოთხოვნის საფუძველზე არ მიმდინარეობს და ბანკის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა არ ადევს გირავნობით უზრუნველყოფილ საგნებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები არ იშლიან ბინძურ ტრადიციას და გაჭირვებული ადამიანების შეცდომაში შეყვანით, ისევ ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ ამჯერად ამ უპასუხისმგებლობისთვის და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის მოუწევთ სასამართლოს წინაშე წარდგენა.

„ნაციონალური მოძრაობა" შპს "ქართულ საინვესტიციო ჯგუფ XXI“-ს და სს "ბანკ ქართუს" თაღლითობაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის წევრებმა გოგა ონიანმა და ნუგზარ წიკლაურმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კომპანიამ "ქართული საინვესტიციო ჯგუფი XXI“ 10 წლის წინ 50-მდე მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, რომლის მიხედვითაც, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ ავტომობილები მძღოლებს დარჩებოდათ.

გოგა ონიანის განცხადებით, 2011 წელს კომპანიამ სს "ბანკი ქართუდან" 6 მილიონ ლარიანი სესხი აიღო, რისი უზრუნველყოფაც აღნიშნული მანქანებით მოხდა. მძღოლებმა თანხის უდიდესი ნაწილი დაფარეს, თუმცა კომპანიამ ბანკს სესხი ვერ გადაუხადა და ამიტომაც სს "ბანკი ქართუ" მძღოლებს მანქანებს ართმევს.